Haqqımızda Reklam
15 
Okt
2026
17:05
1
0
75

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს 500 ათასი ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველყოფა თავისი ქონებით მოუწევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მისი ქონებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღეს. მოულოდნელად დანიშნულ სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ ახობაძის მიმართ შეფარდებული გირაო მისი ქონების ხარჯზე უზრუნველყოფილიყო. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ლევან ახობაძის მიმართ თავდაპირველად აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიება — პატიმრობა იყო შეფარდებული. თუმცა, გასულ სასამართლო სხდომაზე პატიმრობა 500 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეიცვალა და თანხის გადასახდელად 30 დღე მიეცა. ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ აღნიშნული გირაო ქონებით უზრუნველყოფილიყო. ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეწარმეს შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 500 ათასი ლარის ქრთამი მოითხოვა. თუმცა, მოგვიანებით მხარეები 250 ათასი ლარის ოდენობაზე შეთანხმდნენ. ახობაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნასა და მიღებას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გარკვეული მოქმედებების განხორციელების ან ამ მიზნით სამსახურებრივი გავლენის გამოყენების სანაცვლოდ. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.

www.24news.ge

სხვა სიახლეები