Haqqımızda Reklam
15 
Okt
2026
14:20
1
0
122

თვეში 27 ათასი ლარი ხელფასი, დეპოზიტზე 52 აშშ დოლარი — რა ქონებას ფლობს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი?

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეთერინე მიქაბაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა. 24News.ge-ის ინფორმაციით, დეკლარაციის თანახმად, მიქაბაძეს თბილისში ბინა, დუშეთში მიწის ნაკვეთი, დედაქალაქში ავტოფარეხი და Chevrolet Cruze-ის მარკის ავტომობილი აქვს. კერძოდ, ეთერინე მიქაბაძემ 2021 წელს თბილისში 82,2 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა 209 085 ლარად შეიძინა. 2026 წელს კი დუშეთში 450 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 66 728 ლარად იყიდა. გარდა ამისა, მას თბილისში მდებარე ავტოფარეხიც აქვს, რომელიც 2022 წელს 24 417 ლარად შეიძინა. რაც შეეხება ავტომობილს, დეკლარაციის თანახმად, მიქაბაძემ 2022 წელს Chevrolet Cruze-ის მარკის ავტომობილში 23 175 ლარი გადაიხადა. დეკლარაციის წარდგენის დროს მის საბანკო დეპოზიტებზე 205 000 ლარი, 52 400 აშშ დოლარი და 6 400 ევრო ირიცხებოდა. გარდა ამისა, მულტისავალუტო უნივერსალურ ანგარიშზე 7 785 ლარი, ხოლო სტანდარტულ საბანკო ანგარიშზე 82,77 ლარი ჰქონდა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს მიქაბაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა და გადასახადების გამოკლებით 326 688 ლარის ხელფასი მიიღო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) სწავლების შედეგად კი, ჯამში, 2 190 ლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მიქაბაძემ გასულ წელს ძმისთვის გაცემული 30 000 ლარის ოდენობის სესხი დაიბრუნა. ამავდროულად, მან მეგობარს სესხის სახით იმავე ოდენობის — 30 000 ლარი ასესხა. გასულ წელს მან იპოთეკური სესხის დასაფარად 168 219 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, დუშეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად გადასახდელი თანხიდან 33 454 ლარი გადაიხადა. დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს მიქაბაძის მოგზაურობის ხარჯებმა 5 290 ლარი, ხოლო მკურნალობის ხარჯებმა 13 500 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ეთერინე მიქაბაძე 2021 წლის ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია. 2025 წლის 10 თებერვლიდან იგი პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. 2023–2025 წლებში კი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მანამდე, 2018–2021 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილისა და პირველი მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა. 2016–2018 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში თანამდებობები ეკავა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტშიც. გარდა ამისა, მიქაბაძე 2011 წლიდან დღემდე აკადემიურ საქმიანობას ეწევა და ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ლექტორად მუშაობს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები