Haqqımızda Reklam
28 
Okt
2026
10:59
1
0
60

საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს — რეგიონების მიხედვით სტატისტიკა გამოქვეყნდა

საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოწმობს. 24News.ge-ის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სექტემბრის თვის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკის 219 054 ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში ამ ასაკობრივი ჯგუფის 970 609 ადამიანია რეგისტრირებული. ამრიგად, წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ყველაზე მაღალი თბილისში დაფიქსირდა. დედაქალაქში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა 52 694-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი 39 923 ბავშვით, ხოლო მესამე ადგილზე იმერეთის რეგიონი 25 356 ბავშვით. რეგიონების მიხედვით, 0-დან 18 წლამდე ასაკის საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა ასეთია: თბილისი – 52 694; ქვემო ქართლი – 39 923; იმერეთი – 25 356; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22 015; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 22 668; კახეთი – 15 816; შიდა ქართლი – 15 799; გურია – 7 152; სამცხე-ჯავახეთი – 5 389; მცხეთა-მთიანეთი – 6 389; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 960. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რაოდენობა უფრო მაღალია 6-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. ამ ასაკობრივ ჯგუფში 168 595 ადამიანია რეგისტრირებული. 0-6 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი 50 459 ბავშვია რეგისტრირებული.

www.24news.ge

სხვა სიახლეები