Haqqımızda Reklam
27 
Okt
2026
13:55
1
0
136

რუსთაველის გამზირზე მოძრაობის სქემა შეიცვლება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება. გამზირის მთავარ ქუჩებთან გადაკვეთებზე შუქნიშნებით რეგულირებადი საგზაო კვანძები მოეწყობა. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირის ტრანზიტული მიზნებისთვის გამოყენების საჭიროება შემცირდება. ახალი სქემა მძღოლებს საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად გადაადგილდნენ მთაწმინდის მიმართულებით მდებარე ზედა ქუჩებზე, ასევე ტაბუკაშვილის ქუჩაზე. „ამჟამად თავისუფლების მოედნიდან მოძრავი ავტომობილი ჭავჭავაძისა ან ლესია უკრაინკას ქუჩებზე მოსახვედრად ზეთისხილის ხესთან უნდა შემობრუნდეს. ახალი სქემის მიხედვით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მთავარი ქუჩების გადაკვეთებზე შუქნიშნებით რეგულირებადი საგზაო კვანძები მოეწყობა. ამ კვანძების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა და მოძრაობის გაგრძელება როგორც მთაწმინდის ზედა ქუჩების, ისე ტაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ბაღაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე, სარემონტო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო. წინასწარ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 20 მილიონ 487 ათას ლარს შეადგენს. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს. გამოქვეყნებული ვიზუალური მასალების მიხედვით, გამზირზე ავტობუსის ზოლი და ველობილიკიც მოეწყობა. რესპუბლიკის მოედანზე კი დაგეგმილია ქვის საფარის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება, ასევე რამდენიმე ქვეითთა გადასასვლელის მოწყობა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები