Haqqımızda Reklam
25 
Okt
2026
11:35
1
0
33

საქართველო და თურქეთი უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობას აფართოებენ (ფოტო)

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 24News.ge-ის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ეროლ ოზვარმა. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე აკადემიური ხარისხებისა და დიპლომების აღიარების სფეროში თანამშრომლობას. შეხვედრის დროს მხარეებმა მემორანდუმში ასახული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ამასთანავე, გადაწყდა ამ სფეროში სამუშაო ჯგუფის შექმნა. ჯგუფს უხელმძღვანელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ნაჯი გუნდოღანი. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხებზე. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე. მან ხაზი გაუსვა ახალი საუნივერსიტეტო პარტნიორობის ჩამოყალიბების, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. ეროლ ოზვარმა კი მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება უნივერსიტეტებს შორის პირდაპირ კავშირებს გააძლიერებს და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობებს გააფართოებს. მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის მიმართულებით ქართველოლოგიური დარგებისა და აკადემიური პროგრამების განვითარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას, ასევე აკადემიური კავშირების განმტკიცებას.

www.24news.ge

სხვა სიახლეები