Haqqımızda Reklam
21 
Okt
2026
12:15
1
0
29

სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, დაკავებულია 142 ადამიანი (ვიდეო)

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციების შედეგად 142 ადამიანი დააკავეს. დაკავებული პირებიდან 62 სხვადასხვა ფორმით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ეწეოდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ეწეოდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახორციელებდნენ. ისინი ნარკოტიკებს უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემით ყიდდნენ, ასევე იყენებდნენ ინტერნეტაპლიკაციებსა და სოციალურ ქსელებს. გარდა ამისა, ნარკოტიკული საშუალებები წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იყო დამალული, რის შემდეგაც დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ადგილების კოორდინატები და ფოტოები ეგზავნებოდათ. სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებისა და დაკავებულების პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია იმ ადგილებიდანაც, რომლებიც ბრალდებულებმა მიუთითეს. აღმოჩენილ ნივთიერებებს შორისაა კოკაინი, მეტადონი, ჰეროინი, ალფა-PVP, ამფეტამინი, პრეგაბალინი, მარიხუანა და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. ოპერაციების დროს პოლიციელებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალები, ელექტრონული სასწორები, თანხა, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციით იყო მიღებული, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერც, 260-ე კვატერ, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმ და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი მთავარი მიზანია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირების გამოვლენა, ნარკოტიკების რეალიზაციის აღკვეთა და დანაშაულში მონაწილე პირების კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები