Haqqımızda Reklam
09 
Sen
2026
11:34
1
0
127

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესების თანახმად, საჯარო სკოლებში მოსწავლეების სემესტრული შეფასება სამი კომპონენტის მიხედვით განხორციელდება. 24News.ge-ის ინფორმაციით, ცვლილებები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით დამტკიცდა. ახალი წესების თანახმად, მოსწავლეები შეფასდებიან საშინაო დავალების, საკლასო დავალებისა და შემაჯამებელი დავალების მიხედვით. შეფასებისას სამივე კომპონენტს თანაბარი წონა ექნება. შემაჯამებელ დავალებებში სავალდებულო იქნება ესეს, პროექტის, კვლევის ან საველე ანგარიშის, შემოქმედებითი პროდუქტის, მონაცემთა ანალიზისა და სხვა პრაქტიკული დავალებების გამოყენება. შეფასების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები და წარუდგინოს ისინი მოსწავლეებს. თუ მოსწავლე საპატიო მიზეზით, მათ შორის გაკვეთილზე არყოფნის გამო, ვერ შეძლებს შემაჯამებელი დავალების შესრულებას, სკოლამ მას უნდა მისცეს შესაძლებლობა, ეს დავალება მოგვიანებით შეასრულოს. I-IV კლასებში, ასევე V კლასის პირველ სემესტრში, ყველა შეფასება განხორციელდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასების ფორმით. I-VI კლასებში საშინაო დავალებებიც მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით შეფასდება. გარდა ამისა, თუ მოსწავლის წლიური შეფასება რომელიმე საგანში 5,0-ზე ნაკლები იქნება, სკოლამ მას საშემოდგომო გამოცდამდე უნდა შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა. ეს მოთხოვნა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ადრეც იყო გათვალისწინებული. თუ ჰოსპიტალში მკურნალობის გამო მოსწავლეს სწავლის სირთულეები შეექმნება, სკოლამ მოსწავლის სწავლება და შეფასება უნდა უზრუნველყოს რემედიაციის პროგრამის ან შინ სწავლების შესაძლებლობის გამოყენებით.

www.24news.ge

სხვა სიახლეები