Haqqımızda Reklam
21 
Iyl
2026
11:05
0
0
78

რუსეთში საწვავის კრიზისის გამო ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად იყიდება

რუსეთში საწვავის კრიზისის გამო, რომელმაც, თითქმის, ყველა რეგიონი მოიცვა, ბენზინგასამართი სადგურების გაყიდვები დაიწყო. ამის შესახებ „იზვესტია“ წერს. ბოლო თვის განმავლობაში მარკეტპლეისებზე, კომერციული უძრავი ქონების ვებგვერდებსა და კომპანიების კორპორატიულ პორტალებზე 150-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგურის განცხადება დაიდო. თავიანთ ბენზინგასამართ სადგურებს როგორც კერძო ქსელები, ასევე, რუსეთის მასშტაბით, ანუ სასაზღვრო რეგიონებიდან ვოლგისპირეთსა და ციმბირამდე მსხვილი ნავთობკომპანიებიც ყიდიან. მიზეზი ბირჟაზე ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტისა და მაღალი ფასების გამო მომგებიანობის მკვეთრი ვარდნაა. გამოეცმის ცნობით, გასაყიდი ბაენზინგასამართი სადგურების ფასები 1 მილიონიდან 150 მლნ რუბლამდე (12.800-დან 1.9 მლნ დოლარამდე ) მერყეობს. მაგალითად, უფაში ბენზინი/დიზელი/გაზის 13-სადგურიანი ქსელი 350 მლნ რუბლად (4.5 მლნ დოლარად) იყიდება. ასევე, „გაზპრომი“ ასტრახანის, როსტოვის, ტამბოვისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში ბენზინგასამართი სადგურების სახით „არაპროფილურ აქტივებს“ 940 000-დან 13.4 მლნ რუბლამდე (12 000-დან 171 000 დოლარამდე) ყიდის. კომპანიის ცნობით, ზოგიერთი ბენზინგასამართი სადგური 2022 წლიდან იყიდება. „ლუკოილის“ ვებგვერდზე ტვერის, ტიუმენის, ჩელიაბინსკისა და კალუგის ოლქების, ასევე, პერმის მხარის ბენზინგასამართი სადგურები არის ჩამოთვლილი. ასევე, მარკეტპლეის „ავიტოზე“ 51.5 მლნ რუბლად (657 573 დოლარად) კომპანიის ივანოვოს სადგურიც იყიდება. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებით გამოწვეული ბენზინის კრიზისი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. ივლისის დასაწყისში რუსული „კომერსანტი“ ნავთობის ინდუსტრიის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაზიანებული გადამამუშავებელი ქარხნები სიმძლავრის გაზრდას მომდევნო თვეში ვერ შეძლებდნენ და ივლისში ნავთობგადამუშავების მოცულობა, საუკეთესო შემთხვევაში, ივნისის დონეზე დარჩებოდა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შემდგომი თავდასხმები არ მოხდებოდა. EA Analytics-ის მონაცემებით, ივლისში რუსეთის ქარხნებში ნავთობგადამუშავების მოცულობა 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. Reuters-ის ცნობით, თვის მეორე კვირაში ბენზინის წარმოება 35%-ით, ანუ დღეში 75 000-80 000 ტონამდე შემცირდა, მაშინ, როცა ზაფხულის ტიპიური შიდა მოხმარება 115 000-120 000 ტონას შეადგენს. ცნობისთვის: წლის დასაწყისისთვის რუსეთში 27 700 მოქმედი ბენზინგასამართი სადგური იყო. მათგან, დაახლოებით, 19 800 სადგური დამოუკიდებელია.

www.24news.ge

სხვა სიახლეები