Haqqımızda Reklam
21 
Iyl
2026
08:34
0
0
132

„ვიწყებთ სამხრეთის მაგისტრალის განვითარებას - ეს იქნება მარნეულიდან ახალციხისკენ მიმავალი გზა“ - რევაზ სოხაძე

„ვიწყებთ სამხრეთის მაგისტრალის განვითარებას“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით დაგეგმილ პროექტზე, რომელიც ერთმანეთთან მარნეულსა და ახალციხეს დააკავშირებს, პირველ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გამოცხადება იგეგმება. გადაცემაში რევაზ სოხაძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალსა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამჟამად აქტიურ ფაზაშია. „დერეფნის აქტუალურობამ ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ საქართველოში არა მხოლოდ ის არის მიმზიდველი, რომ უკვე კარგი გზები და მაგისტრალები გვაქვს, არამედ ისიც, რომ არის სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო. ამან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ ჩვენ სატრანზიტო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და, რაც ყველაზე მთავარია, საიმედო პარტნიორი ვართ. ჩვენი მოსახლეობისთვის შესაძლოა, სატრანზიტო ფუნქცია ისე ჟღერს, მაგრამ ეს თითოეული ჩვენგანისა და ამ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს, ამას, საბოლოო ჯამში, თითოეული ოჯახი საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მე შემიძლია მოკლედ ჩამოგითვალოთ, რა მიმართულებითაც ახლა ვმუშაობთ. როგორც აღვნიშნე, სამტრედიის ხიდის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს და ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალი უკვე წელს იქნება სრულად გახსნილი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კახეთის მიმართულებით და იქაც გაგრძელდება პროექტები. იწყება ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სატრანზიტო ფუნქციისთვის, არამედ თავად დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელისთვისაც, რადგან იქნება სერიოზული განმტვირთველი და ხელს შეუწყობს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობას. იწყება სარფის გვირაბის პროექტიც. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები ჩრდილოეთის მიმართულებით - ეს არის კობი-ქვეშეთისა და გველეთი-ლარსის მონაკვეთები. აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს და ეს ერთ-ერთი ურთულესი პროექტია ალბათ, მთელ რეგიონში და არა მარტო. ძირითადი საინჟინრო სირთულის ობიექტები დასრულებულია, თუმცა ერთი ძალიან საინტერესო, 166-მეტრიანი თაღოვანი ხიდის მშენებლობა კვლავ აქტიურ რეჟიმშია. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის დაპროექტება და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება. უახლოეს პერიოდში დაიწყება ანაკლიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ ვიწყებთ სამხრეთის მაგისტრალის განვითარებას. ეს იქნება მარნეულიდან ახალციხისკენ მიმავალი მაგისტრალი. ჯერ, პირველ ეტაპზე, გამოვაცხადებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რაღაც ეტაპზე დასრულდება. ქვეყანამ მუდმივად უნდა იზრუნოს და იფიქროს სატრანსპორტო და საგზაო ქსელის განვითარებაზე, რადგან ეს არის ჩვენი და ნებისმიერი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები