ჩვენს შესახებ რეკლამა
02 
Sen
2026
12:52
1
0
105

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. 24News.ge-ის ცნობით, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. საერთო ჯამში, სამუშაოები 30 405 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. რეაბილიტაციის დროს არსებული ქვის საფარი სამი ფენა ასფალტით ჩანაცვლდება, დამონტაჟდება ბორდიურები, ტროტუარები, ბოძკინტები და მოაჯირები. ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული. პროექტის ფარგლებში ასევე სრულად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლდება გაზის ხაზები, ელექტრო და ინტერნეტ კაბელები მიწისქვეშ განთავსდება, ხოლო ახალი LED სანათებით აღჭურვილი განათების ბოძები დამონტაჟდება. კომუნიკაციების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“ ჩაერთვება. ქუჩის გასწვრივ მწვანე ნარგავების განთავსება და სანიაღვრე სისტემების განახლებაც იგეგმება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქუჩის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებაა. თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩებზე დაგეგმილ პროექტზე. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 2 000 კვადრატული მეტრის ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდება, ტროტუარები მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ტერიტორიაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებებისა და ახალი განათების სისტემის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულ პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს და ის უახლოეს პერიოდში დასრულდება.

www.24news.ge

სხვა სიახლეები