Haqqımızda Reklam
16 
Iyn
2026
11:06
0
0
57

8 დაღუპული - კალიფორნიაში ჩამოვარდა ამერიკული ბომბდამშენი B-52

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში ჩამოვარდა სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი B-52. დაიღუპა ბორტზე მყოფი 8 ადამიანი. სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაბაზა „ედვარდსიდან“ აფრენის შემდეგ მალევე, 15 ივნისს ღამით ჩამოვარდა. თვითმფრინავს გეგმური საცდელი ფრენა უნდა შეესრულებინა. სამხედრო-საავიაციო ბაზის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ჰეიზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საშინელი ტრაგედია მოხდა და რვა შესანიშნავი ამერიკელი დაკარგეს. ბორტზე იმყოფებოდნენ სამხედროები და სამოქალაქო პირები - მთავრობის და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები. კომპანია Boeing-მა, რომელიც B-52 ტიპის ბომბდამშენებს აწარმოებს, განაცხადა, რომ თვითმფრინავში კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. „ედვარდსის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი ბომბდამშენი ბაზის რადიოლოკაციური საშუალებების მოდერნიზაციის პროგრამაში მონაწილეობდა. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო. როგორც CNN-ი წერს, 15 ივნისის კატასტროფა აშშ-ში B-52-ის მონაწილეობით ყველაზე დიდი მსხვერპლის გამომწვევი კატასტროფაა 1982 წლის შემდეგ, როცა საკრამენტოს მახლობლად სასწავლო-საცდელი ფრენისას ამ ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა. სასიკვდილო შედეგის გამომწვევი წინა ინციდენტი 2008 წელს მოხდა. B-52 კუნძულ გუამის მახლობლად, წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა. დაიღუპა 6 სამხედრო მოსამსახურე. შეერთებული შტატების არმია B-52-ებს 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან იყენებს. ამჟამად სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაშია ამ ტიპის 70-ზე მეტი ბომბდამშენი. B-52-ები მონაწილეობდნენ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ბოლო, 2026 წლის სამხედრო ოპერაციაშიც.

www.24news.ge

სხვა სიახლეები