Haqqımızda Reklam
17 
Sen
2019
10:34
1
0
472

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანისმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ. 24News.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადებებს. გიორგი გახარია - მივესალმები კომისარ იოჰანეს ჰანს. ჩვენთვის დიდი პატივია, მას ვუმასპინძლოთ დღეს თბილისში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც დაიწყო სასწავლო წელი და როდესაც საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - ევროპულ სკოლას. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დამადასტურებელი კონკრეტული შედეგი, რომლის განხორციელებაშიც ბატონი კომისარს პირადი წვლილი არის ძალზე დიდი. ეს იყო მისი პირადი ინიციატივა და მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მას იმ ქმედებებისთვის, იმ ნაბიჯებისთვის, რომელმაც მოგვცა საშუალება, საქართველოში გვქონდეს ევროპული სკოლა, ევროპული დონის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პირველ რიგში, განავრცობს ჩვენს ახალგაზრდებში ევროპულ ფასეულობებს. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო და უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს და მოაქვს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. ასევე ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის თავისუფალი უვიზო რეჟიმი. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს და ეკონომიკას, უფრო ხელსაყრელი შედეგები მიიღოს ამ ხელშეკრულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე. თუმცა, ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი გავრცელდეს მთელ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების, საბაზისო ადამიანების უსაფრთხოების დაცვას და უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ის მაღალი დონის შეხვედრები და კოოპერაცია, რომელიც გვაქვს დღეს, გაგრძელდება და იქნება კიდევ უფრო ეფექტური. იოჰანეს ჰანი - ძალიან გამიხარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ბატონ გიორგი გახარიასთან შეხვედრა პირველი იყო ამ რანგში. ადრე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა და მიხარია, რომ მომეცა საშუალება, მიმელოცა. ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალის გამოყენებით და მატერიალიზაციით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან და ბევრი იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც არ ყოფილა ამოქმედებული. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და სტრატეგიულ მიმართულებებს. ევროკავშირი რჩება საქართველოში წარმატებული ძალისხმევის და რეფორმების მტკიცე პარტნიორად და მხარდამჭერად. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას გულისხმობს, არა მარტო ბრიუსელის, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქების ყურადღების ცენტრშია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. ჩვენ პრემიერ-მინისტრთან საუბარში ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასცა ეუთომ, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის. ეს იქნება გარანტი იმისა, რომ გამჭვირვალე იყოს არჩევნები და უზრუნველყოფილი იქნას პლურალისტური და თანაბარი მედია გარემო. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით აღმოსავლეთ სამეზობლოში და გვინდა, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნება. უნდა ვთქვა, რომ მომავალშიც ეჭვის გარეშე, მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებს ფარგლებში. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამხრეთ ოსეთთან წერტილები, რომელიც ბორდერიზაციის მიმართულებით აქტუალურია, ჩვენთვის მიუღებელია. კონსტრუქციული ჩართულობა, განსაკუთრებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში რუსეთის მონაწილეობით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საქართველო უნდა იყოს ძლიერი, გაერთიანებული. მიმდინარე გამოწვევების ფონზე ეს საკითხები აქტუალურია. ხალხისთვის, რომელიც ორივე მხარეს ცხოვრობს, გათვალისწინებულია იმ ინიციატივებში, რომელიც თქვენს მიერ ხორციელდება, საჭირო მომსახურებების კუთხით. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ხალხის ინტერესებშია, რომ ყველა შესაძლებლობა ქმედითად იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ ჯანდაცვის და სხვა საჭირო მომსახურების სფეროში მათ სარგებელი მიიღონ. მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს აქვს გარკვეული საჭიროებები, ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაში და იმედს ვიტოვებ, ეს მდგომარეობა გამოსწორდება უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა მიღებისთვის, მხარდაჭერისთვის, ნაკისრი ვალდებულებისთვის ევროპული სკოლის წინაშე. ეს იყო ჩემი პროექტი, მართალი ბრძანეთ. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ასე დაიწყო მისი განხორციელება. ორიოდე წლის წინ საქართველო იყო საცდელ რეჟიმში ამ ინიციატივის კონტექსტში და დღეს ჩვენ შევხვდით უკვე მეორე და მესამე კლასს უმაღლეს სკოლაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო პირადად და ყოველთვის მექნება ვალდებულება ქვეყნის წინაშე და განზრახვა მაქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდე მომავალშიც, წელიწადში ერთხელ, იმისათვის, რომ ვნახო წინსვლა და ევროპული სკოლა მოვინახულო, მიუხედავად იმისა, რა რანგში ვიმუშავებ მომავალში, ევროპარლამენტში თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში, მექნება საშუალება, რომ ამ კონკრეტული ქვეყნის საჭიროებები და ინტერესები დავიცვა. დიდი მადლობა ხუთწლიანი შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ნამდვილად გავაგრძელებთ ევროკავშირის გზების და ძალისხმევის დაწინაურებას ამ მიმართულებით. თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი სანდო პარტნიორი. ხალხი შეიძლება იცვლებოდეს თანამდებობებზე, მაგრამ ინსტიტუციები რჩებიან და ეს ინსტიტუტები ძლიერია.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები