Haqqımızda Reklam
09 
Mar
2019
00:52
0
0
235

მამუკა ბახტაძე - სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, „თიბისის“ საკითხს ანაკლიის პროექტიც მიაბან

არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობებზე თუ „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ამ საკითხზე შეფასებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, „თიბისი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს საფინანსო სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის. „შესაბამისად ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში, რომელიც ჩემი შეფასებით, არის სრული უპასუხისმგებლობა და მცდელობა, რომ მოსახლეობამდე რაღაც დამახინჯებული გზით მიიტანონ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი შეფასებით, სრულიად არასწორად სვამენ აქცენტებს და არის მცდელობა, საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ანაკლიის პორტის პროექტსაც დაუკავშირონ. „ხდება სრულიად არასწორი აქცენტების დასმა. უფრო მეტიც, ჩვენ ვიხილეთ, რომ აქვთ მცდელობა, ანაკლიის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს. რაც შეეხება ანაკლიას, მინდა გულწრფელად და გარკვეული ემოციებით გითხრათ, რომ ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას, ჩემთვის მართლაც ძალიან რთულია, ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი, ვინაიდან არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობებზე თუ „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის პერიოდში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი მისი ხედვისა და სტრატეგიის ნაწილია. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, ის გახლავთ ჩემი ხედვის ნაწილი, ჩემი სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე ვეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში, ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში შეიყვანა. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა, როგორ შეიძლება, ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია“, – განაცხადა პრემიერმა. მისივე შეფასებით, ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი ბოლო პერიოდში მოუსმენია და ამავე დროს, სრულიად უპასუხისმგებლო. „თუ ვინმეს აქვს გათვითცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავე დროს, არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის უფლებას თავის თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით – ეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, აქცენტის გადატანა ქვეყნისთვის ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტზე ხდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, მას ამ საკითხზე ბრიუსელში ვიზიტის დროსაც ჰქონდა საუბარი. მამუკა ბახტაძემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. „კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ბრიუსელშიც კიდევ ერთხელ მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენ ევროპელ პარტიონიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობა ყველა საერთაშიროსო ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც განხილავს და ასეთი მაღალი პერსპექტივით უყურებს ამ პროექტს“, – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 1tv.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები