Haqqımızda Reklam
06 
Fev
2026
20:23
0
0
93

ესპანეთში ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული სახლი დაყადაღებულია - პროკურორი

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის ანა ლეკიაშვილის განცხადებით, ესპანეთში ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული სახლი დაყადაღებულია. "ესპანეთში ნინო მხეიძის (ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლე) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოს სასამართლომ დააყადაღა. ეს ინფორმაცია ესპანეთიდან ამ თვის დასაწყისში მოგვივიდა. დაყადაღების მიზეზი ეს საქმე იმიტომ გახდა, რომ ბურჭულაძეს სწორედ ფინანსურ საკითხებს ვედავებით, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. ჩვენ ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც შესაბამისი განჩინება გამოსცა, შემდეგ კი საქართველოს პროკურატურამ ესპანეთს მიმართა და მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ეს სახლი დაეყადაღებინათ", - აცხადებს საქმის პროკურორი და განმარტავს, რომ ყადაღის პირობებში ბურჭულაძეს ქონების განკარგვის უფლება არ ექნება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან, ბრალდების ვერსიით, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ უძრავი ქონება შეიძინეს. უკანონო შემოსავლის წარმოშობის დამალვის მიზნით, მათ დაბა წყნეთში მდებარე უძრავ ქონებაზე მესამე პირთან ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები