Haqqımızda Reklam
05 
Yan
2026
11:08
1
0
196

შეიძლება თუ არა ბუმანოლის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

რევმატული, ან სახსრების სხვა სახის დაავადების დროს პაციენტის სწრაფი და ეფექტიანი განკურნებისთვის მედიკოსები ერთ-ერთ გამოსავლად მედიკამენტ ბუმანოლს მიიჩნევენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან როგორიც არის რევმატული დაავადებები სახსრების დაზიანებით ან სახსარგარე, ლუმბალგია - ანუ დაავადება, რომელსაც ახასიათებს უეცარი ტკივილის გაჩენა ხერხემალში, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით, ყველაზე ხშირად ოსტეოქონდროზით ან ხერხემალშორისი დისკის თიაქრით, იშიალგი - წელის ტკივილი, რომელიც ვრცელდება ბარძაყის უკანა მხარეს, წვივსა და ტერფზე. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება და ფენილძმარმჟავაზე წარმოებული პრეპარატი ბუმანოლი ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, რადგან იგი ერთდროულად ებრძვის ანთებას, არის ტკივილგამაყუჩებელი და სწრაფად არეგულირებს მაღალ ტემპერატურას. თუმცა, რამდენადაც ეფექტიანია ეს მედიკამენტი, იმდენად საფრთხილოა მისი გამოყენება, მით უფრო თუ საქმე ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდს ეხება. სწორედ ამ თემის გარკვევაში დაგეხმარებათ ჩვენი სტატია. რა არის რევმატული დაავადება რევმატოიდული ართრიტი გენეტიკური განწყობისა და გარემოს კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. ის ავტოიმუნური პროცესით გამოწვეული დაავადებაა, რა დროსაც ორგანიზმი შეცდომით, საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილების საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს და მათ მიზანმიმართულად აზიანებს. შედეგად ადამიანს ეწყება ტკივილი, ყველაზე მეტად წვრილ (თითის, მაჯის, მუხლის) სახსრებში, ვითარდება სახსარშიდა სითხის ანთება, ზიანდება ძვლები და ხრტილები. ასევე შესაძლოა დაზიანდეს კანი, თვალები, ფილტვები, გული და სისხლძარღვები. რევმატოიდული ართრიტი ორსულებში ეს პათოლოგია ძირითადად ქალების დაავადებად ითვლება, რაც განსაკუთრებით სიფრთხილეს საჭიროებს ორსულობის პერიოდში. მით უფრო, რომ მისი სახეცვლილება უცნაურია. თუ თქვენ რევმატული პრობლემები გაქვთ, შეიძლება ფეხმძიმობის გარკვეულ პერიოდში სიმპტომები შეგიმსუბუქდეთ და უკეთესადაც იგრძნოთ თავი, მაგრამ მოჩვენებითმა გამოჯანმრთელებამ არ შეგაცდინოთ. გახსოვდეთ, ორსულობის დროს არც ისაა გამორიცხული, რომ დაავადება კიდევ უფრო გაგიმწვავდეთ. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი მომენტის დადგომისთანავე მიმართეთ მკურნალ ექიმს და გაითვალისწინეთ პროფესიონალის რჩევები. გამოვიყენოთ თუ არა ბუმანოლი ორსულობისას მედიკოსები ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით სიფრთხილით ეკიდებიან ნებისმიერი მედიკამენტის დანიშვნას, მიზეზი ადვილი ასახსნელია - არასწორმა პრეპარატმა შესაძლოა დააზიანოს როგორც ფეხმძიმე ქალი, ასევე ნაყოფის განვითარება. ასეა ბუმანოლის შემთხვევაშიც. იმის გამო რომ ამ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას გააჩნია საკმაოდ მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი უკუჩვენება და ახასიათებს მეტად საყურადღებო გვერდითი ეფექტები, მისი დანიშვნა ფეხმძიმე ქალისთვის გადაუდებელი გარემოების გარდა, რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში. მიზეზი მისი შემადგენელი ნივთიერებებია. ბუმანოლი შეიცავს დიკლოფენაკს, რომელიც აღწევს ჰემატოპლაცენტარულ ბარიერში (ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლსა, ლიკვორსა და თავის ტვინს შორის) და შეუძლია გაზარდოს ორსულობის ხანგრძლივობა, შეამციროს საშვილოსნოს შეკუმშვა და გამოიწვიოს ნაყოფში არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა. არსებობს ანთების საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი პრეპარატები, რომლებიც ორსულობის გარკვეული ეტაპზე ინიშნება. თუმცა ბუმანოლთან დაკავშირებით მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მან ორსულობის მე-20 კვირაში ან უფრო გვიან ვადებში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში თირკმლის სერიოზული დაზიანება, ხოლო დედებში ოლიგოამნიოზის განვითარება და ორსულობის გართულებები. ამიტომაც ფეხმძიმობის დროს ექიმები ცდილობენ რევმატული დაავადება შედარებით მსუბუქი მედიკამენტებით დაარეგულირონ ან განკურნონ. მაგრამ თუ გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს და მედიკოსი ანამნეზის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას ორსულობის უფრო ადრეულ პერიოდში დანიშნოს ბუმანოლი, მაშინ გახსოვდეთ, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მინიმალური დოზებით და სრული კონტროლისთვის, 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მედიკამენტის გამოყენების ფონზე უნდა გაკეთდეს ამნიონური სითხის ულტრაბგერითი გამოკვლევა. დოზები და მიღების წესი დაიმახსოვრეთ, ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველი ბუმანოლის ფლაკონის შიგთავსი იხსნება გამხსნელის ამპულის შემადგენლობით თავად ამპულაში. ნემსის გაკეთებამდე კარგად უნდა შეანჯღრიოთ და ნელა და ღრმად შეიყვანოთ კუნთში. დასაშვები დოზაა მხოლოდ 1 ან 2 ფლაკონი 24 საათის განმავლობაში და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 3 დღეზე დიდხანს. ეს ხანგრძლივობაც დამოკიდებულია ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობაზე. მით უფრო თუ ის ორსულია. ლაქტაციის პერიოდი რაც შეეხება ძუძუთი კვებას - კვლევებით უკვე დადგენილია, რომ ლაქტაციის პერიოდში ბუმანოლის მოხმარება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში არასასურველ რეაქციებს იწვევს. ამიტომ დედობის ამ პერიოდშიც პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ლაქტაციის დროს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან და არც ერთი წამალი არ მიიღოთ პროფესიონალის დანიშვნის გარეშე. ერთი სიტყვით, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ყველაზე მგრძნობიარე მომენტია. მაგრამ თუ იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაიტარებთ შესაბამის კვლევებს და ზედმიწევნით შეასრულებთ რეკომენდაციას, ისეთი ვერაგი დაავადებაც კი, როგორიც რევმატული ართრიტებია, რომელიც შესაძლოა დაავადების გამოვლენამდე ათი წლით ადრეც კი არსებობდეს თქვენ ორგანიზმში, დედობის სიხარულს ვერ წაგართმევთ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები